იაგოს სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და 113-ზე მეტი დეპუტატი შემოიყვანოს – მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გირჩის ლიდერთან, იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ხვიჩიას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატი შეიყვანოს.

„ამ შეხვედრას მმართველი გუნდიდან ჩემ გარდა არავინ ესწრებოდა. როგორც ჩანს, იაგოს განცდა აქვს და ამ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად უზრუნველყოს, რომ 113-ზე მეტი დეპუტატი აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში. მას აქვს გარკვეული წარმოდგენები და პირობები ამასთან დაკავშირებით. რასაც საჯარო ვახმოვანებთ, იგივე არგუმენტები გავიარეთ, გარკვეულ თემებზე ვიკამათეთ, ბევრ რამეში არ ვეთანხმები. თუ ის დეტალიზაციას მოისურვებს, ამ საუბრისთვის მზად ვარ. არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრების მიზანი უნდა იყოს ისეთი მოლოდინები, რომელიც შეიძლება, რეალობაში აღარ აისახოს”,– ამბობს მდინარაძე.

მას მოლოდინი არ აქვს, რომ “რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ განწყობილი არიან, რომ პარლამენტში შევიდნენ”.

“პირიქით, მათ ყველა ბერკეტი აქვთ ჩართული, მათ შორის მათი მედიასაშუალებები და ე.წ. მესიჯბოქსი საიმისოდ, რომ დააბულინგონ სხვები და საბოლოოდ შედეგი იყოს პარლამენტში არშემოსვლა. როცა მიზანია, პარლამენტში არშემოსვლა და არშეთანხმება, მათთან ერთად რაღაც საკითხებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და ამას ვუმტკიცებდი იაგო ხვიჩიას. მისი მოლოდინები ვერ გავიზიარე. რასაც ისინი კრიზისს ეძახიან, მგონია, რომ კრიზისი ვერ გასცდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.