იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა – ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

“იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა”- საქართველოს საპატრიარქო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილს ავრცელებს.

„წავიდა ჩვენგან ბატონი კახი კავსაძე – თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის ერთ-ერთი უცნობილესი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება.

რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა.

ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა”, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.