ივანიშვილებისგან დამირეკეს, ტაბულა არტის გარეკანზე ბერა უნდათო – ჩერგოლეიშვილი

“ივანიშვილებისგან დამირეკეს, ტაბულა არტის გარეკანზე ბერა უნდათო”- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“2011 წელს ტაბულა არტი რომ გამოვეცით, პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გავაკეთეთ.
გავიდა რამდენიმე დღე, რედაქციის შეხვედრა მაქვს, შემდეგ ტაბულას ვგეგმავთ და შემოიხედა მარკეტინგმა, ივანიშვილებისგან რეკავენ, ტაბულა არტის გარეკანზე ბერა უნდათო.
აგვიტყდა სიცილი – მეთქი, რამდენს იხდის. მოკლედ, ბევრი ვიმხიარულეთ, მაგრამ სერიოზულად ავუხსენით რომ ტაბულა არტის გარეკანი არ იყიდება.
მაგრამ შეუძლიათ შიდა სარეკლამო გვერდები იყიდონ და ბერაზე მასალა განათავსონ, უბრალოდ გვერდებზე მითითებული იქნება რომ გვერდი გაყიდულია მეთქი. ჩვეულებრივად, სტანდარტული ფასი მივეცით – რასაც სარეკლამო კომპანიებს ვაძლევდით.
გარეკანი გვინდა და არ გვინდა ეწეროს რომ ნაყიდიაო – მეთქი, ვწუხვარ, მაგრამ ჩვენი წესები გვაქვს და ბერას მუსიკა სარედაქციო გემოვნებას არ აკმაყოფილებს, სარედაქციო მასალად ვერ გავა მეთქი.
გავიდა რამდენიმე კვირა და ბერა ცხელი შოკოლადის გარეკანზე აღმოჩნდა.
სულ მალე, ივანიშვილმაც გამოაცხადა რომ მის ადგილს პოლიტიკაში ხედავს.
ვინ უგვარებდა ბერას გარეკანს? ირაკლი ღარიბაშვილი” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,შაბათს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და   სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე  საუბრობენ.  ტვ პირველის თქმით,  აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი  ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.