“ივანიშვილზე სანქციები არის უპირობო, აშშ-ს მეტი სიხისტე მართებს” -საერთაშორისო ონლაინკონფერენციის დეტალები

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მწიფდება.  საკითხი უკვე გადაცემულია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთვის, საუბარია გადაადგილების შეზღუდვაზეც ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და გომელაურისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. განცხადება ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “მთავარი აქცენტების” საგანგებო ეთერში გააკეთა.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, დასავლეთი ითხოვს ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შეწყვეტას და რაც მთავარია – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა გვარამიას თქმით- იქნება სანქციები.

როგორც მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა თავის მონოლოგში აღნიშნა, ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესების შესახებ დღეს ერთერთ კონფერენციაზეც განიხილეს, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსები და გავლენიანი პირები ესწრებოდნენ და კონგრესის ორივე პალატა უკვე მზადაა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს “ოცნების” ხელისუფლება.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტს დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მას “ოცნების” ახალი სახე, გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი იმ განცხადებებს ასაჯაროებს, რომლებიც საქართველოს მეგობრებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა ზუმ კონფერენციის დროს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვისას გააკეთეს.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კონფერენცია კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევის ინიციატვით ჩატარდა და მათი გამოსვლის ტექსტებიც სწორედ მან მიაწოდა.

კონფერენციაში ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმუნტას პავილიონისიც მონაწილეობდა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებამდე და ენმ-ს ოფისის შტურმამდე საქართველოში იმყოფებოდა და ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდა უარი ეთქვა ძალადობაზე.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ჟიგიმუნტას პავილიონისის გამოსვლა ასეთი იყო:

20 წელია ვმოგზაურობ საქართველოში და არასდროს მსგავსი პოლარიზაცია არ მინახავს, ეს არის ხელისუფლების არჩევანი. ენა, რომელსაც ისინი იყენებენ ჩემთვის არის დაუჯერებელი, ეს იყო შოკისმომგვრელი, მე არასოდეს მსგავსი ენა არ გამიგია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან…ესენი ოპოზიციას ეძახიან პირდაპირ ჩემთან, ბოლშევიკებს, ფაშისტებს და კრიმინალებს, რაც პუტინსაც და ლუკაშენკოსაც არასდროს არ გაუკეთებიათ ჩემთან საუბარში.

დახურულ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა კრის სოჩაც – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი:

ახლა სენატში ხდება ისეთი რამ, რაც არასდროს მომხდარა. კონგრესმა დაიწყო ფიქრი ისეთ საკითხებზე, რომელიც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, ესაა სანქციების საკითხი. სანქციები არის ინდივიდუალური და არა ქვეყანასთან მიმართებაში და პირველ რიგში იხილება ივანიშვილის მიმართ”

დევიდ კრამერი – ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი:

ივანიშვილზე სანქციები არის უპირობო, მაგრამ ასევე სანქციები უნდა დაედოს ბატონ ღარიბაშვილს და შს მინისტრს და ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ მელიას დაპატიმრების გამო. აქ გამოსავალია ნიკა მელიას გამოშვება და ვადამდელი არჩევნებზე მოლაპარაკებები. აშშ-ს მეტი სიხისტე და აგრესიულ ჩარევა მართებს”