ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – TI

ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – ამის შესახებ, ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს.  კომპანია ”არალმა”, რომელიც ქართული ოცნების შემწირველია ამავე პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ მილიონობით ლარის ტენდერი მოიგო.  ანგარიშში ნათქვამია რომ, კომპანია “არალი” ტენდერებში მანამდეც იმარჯვება, თუმცა ოლიგარქთან თანამშრომლობის შემდეგ თანხები გაიზარდა.

“შპს არალისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მესაკუთრემ ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 მ2 მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 125 454 712 ლარზე (ჯამში ტენდერებით მიღებული შემოსავლების 68,9 %) გაუფორმდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ გარიგებიდან 10 დღეში, აბასთუმანში, აუქციონზე უკონკურენტოდ ნაყიდი, ნახევრად ტყით დაფარული, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 3 883 მფართობი, ოთარ თათეშვილის შვილმა, დემეტრე თათეშვილმა გაიფორმა. მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში, დემეტრე თათეშვილმა ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა და სანაცვლოდ, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 4 660 მ2 მიწა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ბიძინა ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო პარაგრაფ მერიოტთან ახლოს მდებარეობს.

“2018 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ რაც აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილმა თათეშვილებისგან მიწა იყიდა, შპს არალი აბასთუმანში, ფონდ ქართუს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო. მან ააშენა აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და კორპუსი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ასევე შპს არალი აქტიურად იყო ჩართული სანატორიუმების ზეკარისა და ცისარტყელას ადგილებზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმროების მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში”, — წერია განცხადებაში.