ივანიშვილის ისტერიკის გამოხატულებაა – სააკაშვილი ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმებაზე

“ეს არის ივანიშვილის ისტერიკის გამოხატულება”, – ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობი სლიდერი და საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ენმ–სთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

“ეს არის ივანიშვილის ბოლო ჟამი, ეს არის პანიკის, უკიდურესი სისუსტის, უკიდურესი სიმხდალის და ისტერიკის გამოხატულება. ჩვენ ბევრ ქვეყანში გვინახავს, დიქტატორები როდესაც ემხობიან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მათ სცადეს ყველაფერი – აღძრეს ჩემზე სისხლის სამართლის საქმეები თითიდან გამოწოვილი, მაიძულეს, რომ ვერ ჩამოვიდე ქვეყანაში.

როდესაც დამაპატიმრა უკრაინის წინა პრეზიდენტმა ეხვეწებოდა, გადმოგცემთქო, შეეშინდათ ჩემი ციხეში ჩამოყვანაც კი, მათ დააპატიმრეს ძალიან ბევრი სხვა ლიდერი და აწარმოეს უსაზიზღრესი, რუსული ტიპის პროპაგანდა და არაფერმა ამან არ უშველა და ენმ–მ აიღო პრაქტიკულად იმდენივე ხმა, როგორც მათ გაყალბებებით. ოპოზიციამ აიღო 60% ხმების და მათ 40%–ზე ნაკლები. ესე იგი ოპოზიციამ დამაჯერებლად მოიგო არჩევნები”,– ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, არაფრის ეშინიათ და “რაც უნდათ, ის დაიწყონ”.

“რაც უნდათ, ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენი ხალხი შეჩვეულია ყველაფერს. მათ სცადეს ყველაფერი, ათასგვარი პროვოკაცია. ბოლოს და ბოლოს “ჩალიჩობენ”, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იქნებ ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე და ამით მაინც მოგვიშორონ და საქართველო დაადანაშაულონ ომში. ამაზე მეტი უბედურება, რაღა უნდა ჩაედინათ. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. საკუთარ დედასაც გაყიდის”, —თქვა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფინანსებას და პრივილეგიებს ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს, ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.