ხალხი დააჯარიმეს, როცა ივანიშვილის კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გუშინდელ მატჩს”ივანიშვილის კლოუნები” ესწრებოდნენ, ხოლო გარეთ გულშემატკივრები დააჯარიმეს.

“სამარცხვინო იყო ის ფაქტი, რაც მოყვა ამას – იმ ხალხის დაჯარიმება, რომლებიც საგულშემატკივროდ იყვნენ მისულნი მაშინ, როცა ივანიშვილის გარემოცვიდან სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე, რათა ეჩვენებინათ ხალხისთვის, როგორ გულშემატკივრობდნენ გუნდს. მხოლოდ ამის პრივილეგია ჰქონდათ და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ დღესაც კი 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ეს არის ფაქტობრივი დემონსტრირება, რა სამარცხვინო და არაადეკვატურია ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის რატომაა ეროვნული ამოცანა მისი შეცვლა”,- ამბობს გიგა ბოკერია.

გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიის ნაკრებს ეთამაშებოდა, რაზეც მაყურებლის დასწრება არ დაუშვეს. მიუხედავად ამისა, თამაშს დაესწრნენ ირაკლი კობახიძე, ზურა ყიფშიძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე შვილთან ერთად და სხვა მთავრობასთან დაახლოებული პირები.

პარალელურად, დინამოსთან მისულ გულშემატკივრებს, კომენდანტის საათის დარღვევის გამო შსს-მ 2000-ლარიანი ჯარიმა დაუწერა.