კლაუზევიცის ცნობილი აზრის მიხედვით, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით… ანუ ნებისმიერ ომს პოლიტიკური მიზანი აქვს.

რუსული ომებიც ცხადია პოლიტიკური მიზნის მატარებელია და ეს მიზანი მეზობელი ქვეყნების დაპყრობა-შესრუტვას გულისხმობს. ცუდი ვერსიის მიხედვით, თუკი უკრაინაში დამარცხებული და უკიდურესად დასუსტებული რუსეთი საქართველოთი შეეცდება რაიმენაირი მოგების კომპენსაციას, ეს არა სტიქიური და სპონტანური გადაწყვეტილების, არამედ მათი ძველი პოლიტიკური გეგმის აღსრულების მცდელობა იქნება.

ბევრს უკვე ეჭვი არ ეპარება, რომ ივანიშვილის მთავრობა ამ გეგმის აღსრულებაში ეხმარება რუსეთს და ამას შესაძლოა მრავალი მიზეზიც ჰქონდეს (ვერსიების ჩამოთვლისგან აქ თავს შევიკავებ), ეს კი უკვე 2022 წლის 25 თებერვლის ირყ. ღარიბაშვილისეული განცხადებით იყო ცხადი – უკრაინამ ომი ვერ აიცილაო, რაც გასულ კვირასაც იმეორა.პროპაგანდისტული დემაგოგია “აბა, ომი გინდათ?” სწორედ ამ გეგმის ნაწილად მოსჩანს…
რა გეგმაა ეს?

ვთქვათ და, რუსეთმა მიმართა გარკვეულ პროვოკაციას… უძლურების მიუხედავად, ერთ-ორ ტანკს კი გაატარ-გამოატარებს ჩვენს დასანახად (და იქნებ მეტსაც), რაც ბუნებრივია ისტერიკაში ჩააგდებს პროპაგანდისტულ არხებსა და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილსაც, რადგან სამწუხაროდ, ისტერიკის მასშტაბებით ბევრი ნამდვილად ვერ დაგვიდებს ტოლს (რაც ხშირად რეალობის ობიექტურ აღქმაში გვიშლის ხელს) და რაც ცხადია “ქართულ ოცნებას” საფუძველს მისცემს, რომ “ომის თავიდან აცილების მიზნით” ყველაფერზე იყოს რუსეთთან თანახმა… – “აბა, ომი გინდათ?”

ცხადია, “ირაყლები” არაფერს გააკეთებენ საქართველოს დასაცავად (ერეკლე მეორისგან განსხვავებით), მაგრამ ყველაფერს იზამენ, რათა რუსეთმა თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს საქართველოში… ამიტომ “ომის აცილების მიზნით”, ეჭვიც არ მეპარება, ხელს მოაწერენ ნეიტრალიტეტზე, აფხაზეთის და ცხინვალის ანკლავების სტატუს კვოს მიღება-აღიარებაზე, ოფიციალურად იტყვიან უარს “ნატოზე” და ევროკავშირზე, ყაბულს იქნებიან “ოდეკაბესა” და “დესეთეში” გაწევრიანებაზე და გვაქცევენ “მშვიდობიან” ბელორუსად… ამავდროულად, იმის გარანტიით და რწმენით, რომ რუსულ სატელიტ საქართველოში ადგილობრივი ცეკას მდივნებივით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას… ცხადია, ეს ნიშნავს დასავლეთის სრულ განდევნას საქართველოდან, მედიების დახურვას და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების რეპრესიას (რუსეთის და ბელორუსის მსგავსად).

ისტორია ყოველთვის კარგი გაკვეთილია და განა არ გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა 90-იანებში საქართველო “დესეთეს” ნაწილი? – რუსული ზეწოლითა და შევარდნაძის ძალაუფლების გადარჩენის მიზეზით – როცა იმპერიის და ადგოლობრივი (არალეგიტიმური) მმართველის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს… ამ უკანასკნელს ოლიგარქ ივანიშვილს არც შევადარებდი, მაგრამ ისტორია უნებლიეთ გვაწვდის მკაფიო პარალელებს – რუსეთი ხომ არ შეცვლილა…
ეს ცუდი ვერსიაა და იმედია, ამას აუცილებლად ავცდებით (ბორხესი წერს, რომ რაც არ გინდა, მოხდეს, ზოგჯერ აუცილებლად ღიად უნდა გამოთქვა – ცუდი სიზმარივით მოყვე და გარეთ გამოიტანოო), მაგრამ სავსებით რეალისტურია ამ ხელისუფლების პირობებში…
“აბა, ომი გინდა” – ამას ნიშნავს და ეს კარგად უნდა გვესმოდეს…

არ ვიცი, რის გამო და რატომ იარეს ასე ლაღად კადიროველების ესკორტის მანქანებმა, მაგრამ ფაქტია, ეს უთუოდ დემონსტრაციული აქტი იყო, რომელიც შესაძლოა იმ ლოგიკის ნაწილიც იყოს, რომელიც ზევით აღწვერე: ზეწოლის მცდელობის ქართულ საზოგადოებაზე… “შეხედეთ, აქ ვართ”.

არადა, არსადაც არ არიან… უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ პანიკა და ისტერიკა არასდროს არის კარგი მრჩეველი, და თუკი ახლა “ივანიშვილიზმი” ძალით ჯაბნის მის კრიტიკოსებს, ჭკუით ის ნამდვილად ვერ გვაჯობებს…

საქართველო არ გარუსდება. თავისუფლება და ევროპა ცნობიერი არჩევანია.

ლაშა ბუღაძე, მწერალი