ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინული ძალები ერთ სულ და ერთ ხორც არიან – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ე.წ კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ეს საქმე ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი სამარცხვინო შემთხვევაა და ემსახურება ბინძურ კამპანიას ოპოზიციის დემონიზებისათვის.

“ამ რეჟიმის სტანდარტებითაც კი, ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო შემთხვევა, როცა ორი უდანაშაულო და პატრიოტი ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდნენ და ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, არიან უკანონოდ ციხეში და მხოლოდ იმისთვის, რომ აგორდეს ბინძური კამპანია ოპოზიციის დემონიზებისთვის, შავ-თეთრი სურათის ჩვენებისთვის, პოლარიზებისთვის. ეს ხდება პირდაპირ პროპუტინური ჯგუფების, ბიზნესმენების და სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენებით. ძალიან მკაფიო მაგალითი გვაქვს, როცა ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინული ძალები ერთ სულ და ერთ ხორც არიან – არ ერიდებიან არაფერს, მათთვის ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.