ივანიშვილი ერქომაიშვილზე: ის მაგალითი იყო, როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და მის ოჯახს უსამძიმრებს.

მისი თქმით, ერქომაიშვილი მისთვის იყო მაგალითი, როგორ “ემსახურობა ხალხსა და ქვეყანას”.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ – ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.

ის ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.

მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ფოლკლორისთი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა.