“ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”–ამერიკელი კონრესმენები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაციონალური უსაფრთხოების სტატეგიის  ანგარიში  სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთი აგრესიის ძველ და ახალ ფორმებს იყენებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესარყევად. მათ შორის ჰიბრიდულ ომს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და კიბერ შეტევებს სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ.  დამატებითი სანქციებია საჭირო იმისათვის, რომ რუსეთს გაუძნელდებს აგრესული და მადესტაბილიზირებელი ქმედებების დაფინანსება.

ანგარიშში ნათქვამია,  რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.

“რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

მაგალითად, ამისათვის საჭირო იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც დააწესებდა სანქციებს ამ ახალი უფლებამოსილების შესაბამისად ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე.  არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა”,- წერია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები არიან კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.