ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა – მელია

“ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა”- ასე აფასებს, ენმ-ის თავჯდომარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით.

„სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები გახდნენ. რა თქმა უნდა, პრობლემა არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე თავს დაცულად ვერ იგრძნობს. ფაქტია – ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება და თითოეული ადამიანის ყოფა ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ეს სამწუხაროდ არის აქსიომა. ამიტომ ამ მძიმე რეალობას რაც მალე შევცვლით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისათვის. ამ რეჟიმის დასამარცხებლად ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ! ერთიანობა და კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. არც ისეთი დიდი ხანი გვაშორებს იმ მომენტს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).