ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე – ამირან გამყრელიძე

ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს.

„ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ.მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს. ივლისში, 500 ათასიდან მილიონი დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე – „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, – აღნიშნავს გამყრელიძე.