ივნისში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 9.9% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა – 2011 წლის შემდეგ ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.

ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ფასების ზრდა ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), თევზეული (11.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5 პროცენტი).