იმედია, არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა – გაგლოევი რუსეთთან შეერთებაზე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის  ლიდერი  ალან გაგლოევი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, “დესტრუქციული ძალები” ცდილობენ, რომ საქართველომ ე.წ. “მეორე ფრონტი” გახსნას.

“[უკრაინაში] სპეცოპერაციის ჩატარების ფონზე, საქართველოს რესპუბლიკაში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც უბიძგებენ მას “მეორე ფრონტის” გახსნისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარებასა და რუსულ მხარესთან სამხედრო სფეროში ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით”.

გაგლოევი ასევე იმედოვნებს რომ მალე მოვა დრო როცა “სამხრეთ ოსეთი” შევა რუსეთის შემადგენლობაში.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრებისთვის დადგა ისტორიული მომენტი, რომ ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. მე ვიმედოვნებ, რომ არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა,” – ამბობს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული “ლიდერი”.