იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება – დეკანოიძე უგულავას ვიდეომიმართვაზე

როდესაც მუშტზე და იდაყვზე საუბრობს გიგი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, სადაც ის ამბობს „სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას”.

„გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან სევდიანი განწყობა მაქვს, როდესაც ამას ვუყურებ. არ შეიძლება ძალადობრივი შინაარსობრივი რეჟიმის არსებობისას, ისაუბრო ოპოზიციაზე და ოპოზიციის პარტიის ლიდერზე.

ვფიქრობ, „ევროპული საქართველო” და გიგის განცხადება ამ შემთხვევაში ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წაიყვანონ. პირიქით, ეს „ევროპული საქართველოსთვის” უფრო დამაზიანებელი იქნება, ვინადაინ როდესაც ოპოზიციური პარტია საკუთარი თვითმყოფადობის გამოსაკვეთად ხედავს იმას, რომ ცილი დასწამოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და აქტიური ფრონტი გაშალოს სხვა ოპოზიციური პარტიის მიმართ, არ მგონია კარგად გამოკვეთავდეს მათ იდენტობას”, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.