“იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა“…–გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ ფეისბუქზე წერს:
“მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.
ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.
იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა…
დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.
ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.
დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა…
გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…”– წერს გია ხუხაშვილი.

6 მარტს ტვ პირველის ეთერში გავიდა  სატელეფონო საუბრის ჩანაწერი , რომელშიც სავარაუდოდ ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ასევე ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.