იმ შემთხვევაში გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი – ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ თუ რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2–თან ინტერვიუში ისაუბრა.

“თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას [გადადგება], რომელზეც საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა, მე ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, აკურატულად გადმოცემული, რაც წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, რაც აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღიარებულია პარალელური დათვლის შედეგებით.

ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღონ ყველამ ოქმები, ყველასთვის ხელმისავდომია და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის. თუ რომელიმე არასწორი იქნება, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”. – ამბობ თამარ ჟვანია.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.