ინაშვილი ამბობს, რომ თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ჟურნალისტიკაში დაბრუნდება

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს, რის საგარანტიოდაც 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტიკაში დაბრუნდება.

“ჩემი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, სანამ არ იქნება მკაფიოდ გამოხატული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები. ამის შემდეგ ვისაუბრებთ სხვა ცვლილებებზე: ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე თუ სხვა. თუ ასეთი მკაფიო შეთანხმება არ შედგება… მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც თქვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ”. – თქვა ირმა ინაშვილმა.

დღეს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად ხვდებიან. კელი დეგნანს შეხვედრა უკვე გამართეს შალვა ნათელაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ.