ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ

“ტვ პირველის” ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პროკურატურაში იკითხება. ის უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად ცოტახნის წინ მივიდა.

გრიგოლიას თქმით, პროკურატურასთან კითხვები თვითონაც აქვს.

“რას იძიებენ: ვინ ჩაწერა ეს მასალები ფარულად, ვინ მოგვისმინა, ჩვენი უკანონო თვალთვალი და მიყურადება ვინ განახორციელა თუ მე საიდან გავიგე, რომ ამ კრებსში იყო ჩემი სახელი და გვარი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი”,– განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, პროკურატურა ბოლო დღეების განმავლობაში იმ ჟურნალისტებს ჰკითხავს, ვინც სავარაუდოდ სუსიდან გავრცელებულ ფაილებში ფიგურირებს და ამ მასალაზე ხელი მიუწვდება. საუბარია ათასობით ფაილზე, რომელიც შეიცავს ძირითადად სასულიერო პირების შესახებ ინფორმაციას, მათ კავშირებს, ბიზნესინტერესებს, პირად ცხოვრებას და ა.შ.

თუმცა ჩანაწერებში ასევე მოხვდნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ელჩები და საელჩოების თანამშრომლები და სხვა მრავალი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში შეხება ჰქონიათ სასულიერო იერარქებთან.