ინდოეთში ისევ გამოჩნდა აპლიკაცია მუსულმანი ქალების გასაყიდად

ინდოეთში უკვე მეორედ გამოჩნდა ინტერნეტ აპლიკაცია, რომლითაც მუსულმანი ქალები იყიდება. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ქონდეთ მუსულმანი ქალებისთვის შეურაცხმყოფელ “აუქციონთან“. გრძელდება ამ იდეის ავტორებისა და იდეოლოგების ძებნა.

არანაირი რეალური ვაჭრობა ამ ვირტუალურ აუქციონზე არ ყოფილა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი შემქმნელების მთავარი მიზანი ქალების დამცირება იყო, რომელთაგან ბევრი ღიად საუბრობდა ინდუისტური ნაციონალიზმის მზარდ ტალღაზე და მუსულმანი ქალების შეურაცხყოფაზე ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის, ნარენდრე მოდის მმართველობისას.

გამოძიება მინიმუმ 3 ინდურ შტატში მიმდინარეობს. ის პოლიციაში იმ ქალების საჩივრების შესვლის შემდეგ დაიწყო, რომლებმაც საკუთარი თავი “Bulli Bai”–ის მობილურ აპლიკაციაში აღმოაჩინეს.

ამ ქალებს შორის არიან ცნობილი მუსულმანი ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები. სულ აპლიკაციაში მათი ნებართვის გარეშე დაახლოებით 100 მუსულმანი ქალის ფოტოებია გამოფენილი.

აპლიკაცია პლატფორმა GitHub–ზე განთავსდა, რომელიც უმსხვილესი ვებ სერვისია ჰოსტინგისთვის. პლატფორმამ აპლიკაციაზე წვდომა უკვე დაბლოკა.

მუმბაის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა – ორი 21 წლის მამაკაცი და 18 წლის ქალი. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ბრალდება მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ. დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიცია ახალ დაჭერებს აანონსებს. მათი თქმით ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ და რა მოტივით შექმნა აპლიკაცია.

ეს არის მუსულმანი ქალების შეურაცხყოფის უკვე მეორე მცდელობა მათი გამოსახულების ინტერნეტ აუქციონზე გამოფენის გზით.

2021 წლის ივლისში ინდოეთში იმავე პლატფორმაზე განთავსდა ვებგვერდი და აპლიკაცია, რომლებზეც 80–ზე მეტი მუსულმანი ქალის პროფილი იყო შექმნილი, შეთავაზებას კი სახელად “დღის გარგება“ ერქვა.

ამჟამად პოლიცია ამოწმებს, ქონდა თუ არა კავშირი ერთმანეთთან ამ ორ აპლიკაციას.

საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აცხადებს, რომ GitHub–მა დაბლოკა მომხმარებელი, რომელმაც აპლიკაცია ატვირთა და პოლიცია ახლა კოორდინაციაშია კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან შემდგომი ქმედებების დასაგეგმად.

თუმცა, ვირტუალური აუქციონით აღშფოთებული საზოგადოება ამბობს, რომ მხოლოდ ბლოკირებით პრობლემა ვერ მოგვარდება და ახალი აპლიკაცია იმიტომ გამოჩნდა, რომ ძველის შემქმნელები არ დასჯილან.

Amnesty International–ის ანგარიშში ინდოეთში ქალების ონლაინ შევიწროებაზე ნათქვამია, რომ რაც უფრო თავისუფლად  იქცევა ქალი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ის თავდასხმების და ინტერნეტ ტროლინგის ობიექტი გახდეს. ამასთან, თუ ის რელიგიურ უმცირესობას და დაბალ კასტებს წარმოადგენს, მის მიმართ თავდასხმების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.