“ინფორმაცია პუტინის მომაკვდავობის ან მისი დამხობის შესახებ შემოგდებულია“– რუსი ექსპერტი საინფორმაციო კამპანიის მიზნებზე

დასავლურ მედიას და რუსულენოვან ოპოზიციურ საინფორმაციო რესურსებს სპეციალურად “უგდებენ“ თითქოსდა კრემლიდან გაჟონილ  ინფორმაციას, რომ პუტინი სასიკვდილოდ არის ავად, რომ გარემოცვას მისი დამხობა უნდა და კრემლის ელიტა უკვე მის შემცვლელს ეძებს.

საინფორმაციო კამპანია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს წარმოაჩენს, როგორც “ისედაც წარმავალ ნატურას“, რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა – ამბობს რუსი სოციოლოგი, იგორ ეიდმანი.

“გახშირდა “გაჟონვები“ , რომ ის კიბოთი არის ავად და კვდება, რომ მისი დამხობა უნდათ, რომ კრემლის ელიტა მის შემცვლელს ეძებს. წყაროები ძირითადად უცნობია და ხან ვინმე ანონიმი გენერალი სახელდება, ხან ლუბიანკის მიერ ნაყიდი რეჟისორი ოლივერ სტოუნი. ყველა მათგანი, ასევე თითქოსდა დაზვერვის ყოფილი თანამშრომლები, ანონიმური ოლიგარქები და კრემლის წყაროები, მსგავს ჭორებს დასავლურ მედიას და რუსულენოვან ოპოზიციურ მედიას სპეციალურად “უგდებენ“, როგორც ანკესს“– ამბობს ექსპერტი.

სოციოლოგი მსგავსი საინფორმაციო ტაქტიკის მიზანზეც საუბრობს. მიზანი მოწინააღმდეგისთვის, პირველ რიგში კი ინგლისელებისა და ამერიკელებისთვის იმის შთაგონებაა, რომ პუტინის წინააღმდეგ რამე სერიოზული სპეციალური  ზომების მიღებას აზრი არ აქვს, რადგან ის ისედაც კვდება ან ძალაუფლებას კარგავს.

სოციოლოგის აზრით, ასეთი საინფორმაციო კამპანიის მთავარი მესიჯი ის არის, რომ მთავარია “ავადმყოფი არ გააბრაზო, რომ მან ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. მალე კი თვითონვე უბრალოდ გაქრება და ყველაფერი მოგვარდება“.

“ამ კამპანიის ადრესატი დასავლეთია. შიდია მოხმარებისთვის ის ისევ მაჩოს იმიჯს იქმნის“–ამბობს ეიდმანი.

კითხვაზე, მზად არის თუ არა აღიაროს რომ ცდება, თუ დადასტურდა, რომ პუტინი მართლაც კიბოთი არის ავად, მან უპასუხა – “დიდი სიხარულით“.

ბოლო დროს მსოფლიო მედია და ექსპერტები ხშირად საუბრობენ პუტინის ავადმყოფობაზე. კერძოდ, რუსეთის ლიდერს მიაწერენ შიზოფრენიას, კუჭის კიბოს, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, პარკინსონის დაავადებას და დემენციას.

მაისის ბოლოს სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მან ოპერაცია გადაიტანა.