იოსელიანი პაპუაშვილზე: დავრწმუნდი მის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში

“პარტია მოქალაქეებმა” მხარი დაუჭირა ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას.

ლევან იოსელიანის თქმით, დარწმუნდა, რომ პაპუაშვილი კეთილსინდისიერი, პატიოსანი და კვალიფიციურია.

“ბატონო შალვა, მინდა მოგილოცოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეც და ბატონმა ალეკო ელისაშვილმაც მხარი დავუჭირეთ თქვენს კანდიდატურას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე რაღაც პერიოდი მომიწია ბატონ შალვასთან მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და მე დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირე მე მას მხარე. არ ვიცი კიდევ ვინმეს თუ ექნება ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლათ”,– თქვა იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.