ირაკლი ქადაგიშვილი ამ კუთხის ღირსეული შვილია – გახარია თელავში “ოცნების” მაჟორიტარი წარადგინა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. 2012 წლის შემდგომ ამ კუთხისთვის ბევრი რამ გაკეთდა – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის დროს ისაუბრა.

2012 წელს მოიკრიფა 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს 278 ათასი ტონა. ხუთჯერ მეტი – ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და ეს უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი და აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს, – თქვა მან.

გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. მან ასევე ისაუბრა კახეთში მიმდინარე აღმშენებლობაზე, თელავის რეაბილიტაციაზე, თელავის წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტაზე, კურდღელაურში მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებაზე.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ამ ყველაფერს თელავი “ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გააკეთებს.

ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი და დარწმუნებული ვართ, რომ გაიმარჯვებს, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ქადაგიშვილი საუკეთესოდ იცნობს თელავის პრობლემებს და ის იქნება ადამიანი, რომელიც არჩევიდან მეორე დღეს შეუდგება ამ პრობლემების აღმოფხვრას.