“ირანში არის ეგეთი მოდელი” – ბოკერია ენმ-ს თავმჯდომარის არჩევის წესზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ენმ-ს მხარდამჭერების მიერ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევას ეხმიანება. ბოკერია ენმ–ს თავმჯდომარის არჩევის წესს ირანში არჩევნების მოდელს ადარებს.

“არავინ საუბრობს იმაზე, კონკურენტ პარტიაში და მათ შორის, სერიოზულ საკითხებზე უთანხმოების პარტიაში ვინ აირჩიეს და რა აირჩიეს. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, უცებ გამახსენდა, ირანში არის ეგეთი მოდელი. პრეზიდენტს კი ირჩევენ, ცალკე საბჭოა, კლერიკების საბჭო – სასულიერო ლიდერების და ისინი იძლევიან სანქციას”,– ამბობს ბოკერია ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, ირანი გიორგი ბარამიძის ხმამაღალ საუბარზე გაახსენდა.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ენმ-მ ვინც არ უნდა აირჩიოს თავმჯდომარედ, ეს მხოლოდ მათი საქმეა, ევროპული საქართველო კი მათთან ითანამშრომლებს.

დღეს ფეისბუქმომხმარებლებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. გამოკითხვაში მელიამ 13 493 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 7 228. მელია თავმჯდომარედ ოფიციალურად პარტიის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს.

20 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭომ თავმჯდომარეობის კანდიდატებმად ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია დაასახელა. პარტიამ განაცხადა, რომ თავმჯდომარის შერჩევის ახალ მოდელს ნერგავდა. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველა იმ პირს, რომელსააც კენჭისყრის დაწყების მომენტისათვის ენმ-ის ოფიციალური ფეისბუქგვერდი მოწონებული ან/და გამოწერილი ჰქონდა.

ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა