ირმა ინაშვილი და თარხან–მოურავი პუტინის სახით – პოსტერები ბათუმში

ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიასნის“ ორი ლიდერი ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”!

“ქუჩებში ვაკრავ და მომავალშიც გავაკრავ ამ პლაკატებს, რადგან მეტმა დაინახოს რაც ხართ ნორმალურ ქვეყანაში სხვაგან იქნებოდა თქვენი ადგილი! რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მმართველების რეაქციას: კარგად ჩანს როგორ გეშინიათ ან არ გინდათ მინიმუმ ნორმალური კრიტიკული აზრი გამოთქვათ”,- წერს არტისტი ფეისბუქზე.

ის ამ პოსტერით პატრიოტთა ალიანსის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა ოკუპირებული ტერიტორიასავით იყო მონიშნული. მათი ბილბორდები ბათუმის მერიამ ჩამოხსნა.