ისრაელთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში განახლდეს – ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია წერს, რომ ისრაელთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოდან განახლდეს.

მისი თქმით, ისრაელის ტურიზმისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებენ.

“მქონდა პატივი, დაგვეგეგმა და მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების ვიდეო შეხვედრაში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს აგვისტოში იქნება,”-წერს ჟვანია სოციალურ ქსელში. 

10 ივნისს პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ ისრაელი ერთ-ერთი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომელთანაც ტურისტული მიმოსვლა განახლდებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, გეგმა ჩაიშალა.

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პერიოდში რთულია კონკრეტულ ვადებზე საუბარი, თუმცა თუ ისრაელში ვითარება სწრაფად გაუმჯობესდება, ტურისტული მიმოსვლა აღდეგება:

“კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ”,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები პირველ ივლისს იხსნება.