“ისრაელი უკრაინას კულუარულად უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე საჯაროდ“–ისრაელის ელჩი გერმანიაში

ისრაელი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში უფრო ფართო მასშტაბით უჭერს მხარს, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, განაცხადა ისრაელის ახალმა ელჩმა გერმანიაში რონ პროსორმა პორტალ Waz-თან ინტერვიუში.

ისრაელი ეხმარება უკრაინას, „მაგრამ კულისებში უფრო მეტად, ვიდრე საჯაროდ“–ამბობს ის.

ელჩმა გაიხსენა, რომ ისრაელი, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უშლის ირანული დრონების მიწოდებას, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს .

“ისრაელის არმია რეგულარულად თრგუნავს ირანიდან იარაღის მიწოდებას სირიასა და ლიბანში. მათ შორისაა ირანული დრონებბი და რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, ისრაელს სირიაში რუსეთის ყოფნისა და რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ებრაული თემის გამო „ჩრდილში დარჩენას“ ურჩევნია.

ადრე ისრაელის მედიაში გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ თუნდაც ისრაელს უკრაინისთვის მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების სისტემები მიეწოდებინა, ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა უკან.

„რუსებმა, იმავე ლოგიკით, შესაძლოა დაიწყონ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, როგორიცაა S-300 და S-400, ირანსა და სირიაში. მოსკოვი შეძლებს თქვას, რომ ეს სისტემები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს იცავს ისრაელის საჰაერო თავდასხმებისგან“, – წერდა ისრაელის გაზეთი Haaretz.