იურიდიული კომიტეტი სარჩელს ამზადებს, იოსელიანს და ელისაშვილს მოუწევთ სასამართლოში მისვლა – ნათელაშვილი

“იურიდიული კომიტეტი სარჩელს ამზადებს, ლევან იოსელიანს და ალეკო ელისაშვილს მოუწევთ სასამართლოში მისვლა, ცილისწამების გამო ” – ამის შესახებ ”ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, მისთვის პარლამენტში, უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელონ იმ დეპუტატებმა, რომლებიც ბიზნესში არიან და ეკრძალებათ შეუთავსებლობის გამო დეპუტატობა.

”ანეკდოტური სიტუაციაა, ტრაგიანეკდოტური. უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს იმ 51-მა მილიონერმა დეპუტატმა, ოფიციალურად მილიონერმა, რომელთაც კონსტიტუციის მიხედვით ეკრძალებათ დეპუტატობა, შეუთავსებლობის გამო, რადგან ბიზნეში არიან და დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, როგორც კი აღმოჩნდება მათი ბიზნესთან კავშირი და შეხედეთ ყველა ოლიგარქი იქ ზის და კანონებს იღებს. ვინ უნდა იმსჯელოს იცით კიდევ? გამოდის ახლა უშიშროების კოდალა, ალეკო ელისაშვილი, სამარცხვინო,  რომელიც შეუძღვა ოპოზიციას პარლამენტში. პირველმა მაგან გატეხა ნავსი, მაგან გაკვალა გზა და ეგ რომ არ შესულიყო და არ გაეყიდა ქვეყანა, დღეს აღარ გვეყოლებოდა ამდენი გარდაცვლილი, ამდენი უმუშევარი, ამდენი მშიერი. მე კი არ მიღალატა, თქვენ გიღალატათ ყველას.  დაუთვლიათ პარტიამ 14 წლის მანძილზე რა დაფინანსებაც მიიღო, 10 არჩევნები ჩავატარეთ, აპარატის დაფინანსება, გადასახადების გადახდა. მე მაქვს 950 ხელფასი და ეს ყველაფერი ჩემთვის მოუწერიათ, რომ თითქოს მე წავიღე 5 მილიონი სახლში.

იძულებული ვართ იოსელიანის მიმართ, ელისაშვილთან ერთად,  სხვათაშორის ეს იოსელიანია, რომელსაც ხელისუფლებამ ლარსი ჰესი აჩუქა და თერგი ჩაყლაპეს და აღარ მოდის, ხოლო ამ ელისაშვილს ის მაფიოზა მილიონერი ალავიძე მიამაგრეს, მილიონების მჩუქნებლად. სუს-ის ფული კიდევ სხვა არის და ბიძინას ფული კიდევ სხვა. ყველაფერს კადრულობენ, ამიტომ იურიდიული დეპარტამენტი სარჩელს ამზადებს და ამ ორ ბატონს მოუწევს სასამართლოში მისვლა და პასუხების გაცემა ამ ცილისწამებაზე. ერთი დეპუტატია და მეორე ვიცე-სპიკერია პარლამენტის, სახელმწიფო მოღვაწეები არიან და ასეთი განცხადებების ასე  დატოვებას არ ვაპირებთ. ნამდვილად ცუდი დღე ელოდებათ მაგათ, მიუხედავად იმისა, მე შიგნით ვიქნები თუ გარეთ, არა მარტო მაგათ არამედ იმათაც ვინც მაგათ აქეზებს”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.