იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას – ადვოკატი

“იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას “- ამის შესახებ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათ არ სურთ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება.

“ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხელ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება უშუალოდ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს, რეალურად, ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე”, — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.