იქნებ იძულებით აყიდინეს წამლები, არანაირი თვითმკვლელობა არ არის – თამაზაშვილი

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტებს ყიდულობს, გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

მისი განცხადებით, შესაძლოა წამლები თამარს იძულების წესით აყიდინეს.

თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ შეიძლება პროკურატურამ FBI–ს თვითმკვლელობის ვერსია დაუსახელა, რის შემდეგაც მათ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

“არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარიდამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი.

დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს”,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად, სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა. უწყებამ წამლების ყიდვის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.