“იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა?“– მძიმე წერილი ოკუპირებული აფხაზეთიდან

ტელეკომპანია “ოდიში” ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც  გალში მცხოვრები ქართველების უმძიმესი ყოფაა აღწერილი. მათ შორის მათი, ვინც რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურში დაიხრჩო იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ოფიციალური საგუშაგოს გვერდის ავლით ცდილობდა. წერილის ავტორი საქართველოს ხელისუფლებისგან 5 დღიანი კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს.

“მე გწერთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახელით მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას! უკვე წელიწადზე მეტია,  რაც საზღვარი ჩაკეტილია და ნუთუ  არ გებრალებათ  თქვენი მოქალაქეები? იცით რამდენი რამ გვჭირდება,  მაგრამ არ გაგვაჩნია? თქვენ იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა? მე ვიცი რა შეგრძნებაა, იმიტომ რომ მე სწორედ ჩემი პატარა ანგელოზით ხელში გადავლახე ეს საშინელი გზა, რათა ბავშვს სჭირდებოდა სწორი დიაგნოზი. მე ჩემი დარჩენილი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე …ეხლა კი მინდა გითხრათ ის, რომ ამ შემზარავმა ამბავმა გული გაუცრემლიანა ერს და თქვენ არ თვლით ოდნავ მაინც თავს დამნაშავედ  საქართველოს მთავრობა? იცით თუ არა რატომ რისკავს ხალხი ეგრეთწოდებული დაბალი ზონით საზღვრის გადალახვას?-შვილები მშივრები ჰყავთ, საჭმლის ფული არ გააჩნია უმრავლესობას.  იმ 4 ადამიანიდან,  ვინც ემსხვერპლა ტრაგედიას, ერთ-ერთ მათგანს, კონკრეტულად კი ცატავა თამუნას შეეძლო ცენტრალური გზით გადასვლა,მაგრამ ბავშვებს ვერ ტოვებდა 5 დღით, რადგან უფროსი შვილი ავადმყოფი ჰყავს, მაგრამ სამუდამოდ მოუწია შვილების ობლად დატოვება. სწორედ უფროსი შვილის მედიკამენტებზე გადადიოდა. ალბათ იკითხავთ, და იქ ვერ იყიდდაო?   პასუხს მე გაგცემთ – იშოვიდა,  მაგრამ  არ ქონდა ფული,ზუგდიდში კი დევნილების შემწეობის ბარათს ჰქონდა ვადა გასული და გაცვლას აპირებდა და შემწეობის დარიცხული ფულის განაღდებას. ასევე ცოლ-ქმარიც, მაყვალა და ჯონი აპირებდნენ ბარათების შეცვლას,  რადგან შვილიშვილი შეეძინათ და უნდოდათ ბავშვისთვის ახალშობილის ნივთების და სარწევი საწოლის ყიდვა! მაგრამ ვერ შეასრულეს და ობლად დარჩნენ მათი არასრულწლოვანი შვილები… და თქვენ, საქართველოს მთავრობა,  რა პასუხს გასცემთ ამ გულამოგლეჯილ ოჯახებს? თუ აფხაზეთი საქართველოა, რატომ დაუწესეთ აქ მცხოვრებ ხალხს 5 დღიანი კარანტინი და რატომ არ დაუწესეთ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს? თან აფხაზეთში ყველაზე ნაკლები კოვიდინფიცირებული იყო! ჩვენ, ყველა  ვითხოვთ კარანტინის მოხსნას და მიმოსვლის აღდგენას…და კიდევ, იცით რას ნიშნავს საფლავიც რომ გენატრება მშობლის? მე მამაჩემის საფლავი მენატრება, რომელიც წელიწადნახევარია არ მაქვს ნანახი. იმ ობოლ ბავშვებს ალბათ დაუწესებთ ერთჯერად დახმარებებს…სირცხვილი!!! და საერთოდ, ყველა აქ ჩარჩენილ ქართველს უკანასკნელ დონემდე გვიჭირს ლუკმა პურის შოვნა…მიიღეთ ზომები და აღადგინეთ მიმოსვლა!!! თუ იცით ქართველობა რას ნიშნავს და თუ აფხაზეთი საქართველო, მაშინ მოხსენით კარანტინი!”- წერს 24 წლის რადმილა ჭანტურია ოკუპირებული აჩიგვარიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიხრჩო მდინარე ენგურში, როცა ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუსი ოკუპანტებისგან მალულად ცდილობდნენ. მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, რათა ოფიციალური საგუშაგოსთვის თავი აერიდებინათ, რომლის გადმოკვეთის შემთხვევაში 5 დღის კარანტინში გატარება მოუწევდათ.