“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

“ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია “ფენტანილი”. “ფენტანილი” კი იწვევს ზედოზირებას – სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ამის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დავწერ კიდევ ერთხელ, ვინაიდან არის ბევრი კითხვა:

1. არ ვიცი, რა მოხდა ფესტივალზე…

2. დაიღუპა ვინმე თუ არა ზედოზირებით და რა ნივთიერებით მოხდა ზედოზირება. ამიტომ გთხოვთ, ნუ მისვამთ ასეთ კითხვებს.

ამას ვიტყოდი მაშინ, როცა:

1. იარსებებდა ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც დღეს ახდენს პრევენციას ზედოზირების და ექიმებს აძლევს საშუალებას, მიმართონ სწორ ქმედებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დროს ევროპაში.

2. იარსებებენ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც დაადგენენ, რა ნივთიერება იყო მოხმარებული;

3. და როცა ეს არ ვიცით, ჭორაობა და ვარაუდები, სანამ არ იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასევე არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

შემიძლია დავწერო, რა ხდება დღეს შავ ბაზარზე და “დარქნეტში” შეძენელი ნარკოტიკები რა საფრთხეებს შეიცავენ და რა ტენდენციაა დღეს მსოფლიოში.

1. ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთხოდ, გარეულია “ფენტანილი”. “ფენტანილი” კი იწვევს ზედოზირებას – სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს;

2. ბაზარზე არის “ალფა პვპ”, “მეტამფეტამინი”, “მეფედრონი”, “ამფეტამინი”. ამ ნივთიერებებით ზედოზირება, გარდა მძიმე ფსიქიკური აშლილობებისა, იწვევს გულ-სისძარღვთა მწვავე უკმარისობას, რომელიც შეიძლება დასრულდეს ინფარქტით და ასევე იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას, რომელიც ჰემორაგიული ან იშემიური ინსულტით გამოიხატება!

ასევე ბაზარზე არის კრისტალური “მეთადონი”, რომელსაც ასევე ურევენ სხვადასხვა სტიმულატორს ნარკოტიკებში და იწვევს ზედოზირებას და სიკვდილს!

1. არ მოიხმაროთ!

2. ზედოზირების დროს დარეკეთ 112-ში!

3. არ დატოვოთ ადამიანი მარტო!

გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი მეგობრების სიცოცხლეს!

ეს არაფერი არ მოხდება, თუ არ მოიხმარ!” – წერს ზურაბ სიხარულიძე.