კაკო ბობოხიძესა და დავით ჭაკუას შორის განსხვავება არ არის – კობახიძე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხთან ეხმიანება და ამბობს, რომ ჭაკუა ენმ–ს წევრი აკაკი ბობოხიძისგან არაფრით განსხვავდება.

მისივე თქმით, სააკაშვილმა, ბოკერიამ და ბობოხიძე იყვნენ “იმ უბედურების” დამკვეთები, რასაც ჭაკუა აკეთებდა.

„ჭაკუა არის მათი სახე. აი, კაკო ბობოხიძესა და ჭაკუას შორის განსხვავება არ არის, ეს არის “ნაცმოძრაობის” სახე – წამება, ადამიანის ღირსების ხელყოფა, “ფეიკნიუსიც” ამის გაგრძელებაა. უსირცხვილო კაცია[ბობოხიძე], თვითონ იყო პასუხისმგებელი, კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი და დამკვეთები იმ უბედურების, რასაც აკეთებდა ჭაკუა. ჭაკუა იყო ამ ყველაფრის შემსრულებელი. დამკვეთი იყო კაკო ბობოხიძე, სააკაშვილი, ბოკერია და ა.შ..

სირცხვილია, კაკო ბობობიძე რომ გამოდის და კრავივით ლაპარაკობს იმაზე, რომ თითქოს რაღაც პრობლემა იყო… მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ის პოლიტიკური რეჟიმი შექმნეს და ეს რეჟიმი შექმნეს ზუსტად სააკაშვილმა, ბოკერიამ, ბობოხიძემ, გიგლა ბერბიჭაშვილებმა. დამკვეთები გაქცეულები არიან, ახალაია ზის, ადეიშვილი გაქცეულია. ადეიშვილს შეფარდებული აქვს სსკ-ს დანაშაული და ის არის ძებნილი”, – განაცხადა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.