კანადამ 1000-მდე ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის პუტინს და მასთან დაახლოებულ პირებს

კანადამ ქვეყანაში შესვლა 1000 მდე ადამიანს აუკრძალა, რომელთა შორის არის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ასევე მასთან დაახლოებული პირები. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება, კანადის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადა უკრაინის გვერდით დგას, ხოლო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, ერთ-ერთი გზაა რომლითაც რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებენ ჩადენილ დანაშაულებზე.

“პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას. პუტინის რეჟიმის თანამოაზრეებისთვის და მთავარი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის არაპროვოცირებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მის დანაშაულზე. ვაგრძელებთ ყველა ვარიანტის გამოყენებას თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის, ასევე უკრაინის მხარდაჭერისთვის”, – თქვა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა.

ასევე, კანადის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უკრაინელი სეპარატისტები და ბელარუსის მოქალაქეებიც.