გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრს ისწავლით – ოხანაშვილი მინაშვილს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხი განიხილება, ანრი ოხანაშვილს წაუკითხა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი და ჰკითხა, როდის იყო ის გულწრფელი.

“თქვენი პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ადამიანი ბატონი კობახიძე 2008 წელს თავისი ავტორობით შექმნილ წიგნში “პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალში” წერდა, რომ “დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით”. ანუ, როდის იყავით გულწრფელები, მაშინ თუ ახლა?”,– მიმართა მინაშვილმა ოხანაშვილს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას ურჩია, გააგრძელოს ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა.

“ბატონმა აკაკიმ [მინაშვილმა] წაიკითხა ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი. კარგია, ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით. კარგია, რომ მუშაობთ ამაზე. აქაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ როდესაც გითხრათ, პარლამენტში ყველა შემოხვალთო, შეგისრულათ – შემოხვედით.

ასევე, ახლა მისივე ციტატით შეისრულეთ თქვენით. მისივე ციტატით, სადაც კობახიძე ამბობს, ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდესო, ზუსტად ამას ვამბობთ. კარგია, ბატონ ირაკლი ახალი გამოცემიც აქვს დაწერილი და იქაც იმავეს იმეორებს, გააგრძელეთ მისი წიგნების კითხვა, ნამდვილად აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალში და ადამიანის უფლებებში, რაც გჭირდებათ ყველას”,– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს.