კაცი, რომელიც გლდანში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა დაკავებულია

თბილისში, გლდანულას დასახლებაში, მამაკაცი, რომელსაც ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა და აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ  1991 წელს დაბადებული, ამჟამად  ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ.  მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

პოლიციელებმა გ.მ.-სთან მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის განმუხტვა და მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.