შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი – ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი 2 პირის დაჭრაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრას ეხმიანება ოცნების დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და ირწმუნება, რომ ინციდენტში მისი შვილი არ მონაწილეობდა.

მისი თქმით, შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა დაჭრეს ერთმანეთი.

“კახა ოქრიაშვილის დაგეგმილი თემა იყო. გამოიარეს სიგნალებით, შეურაცხყოფებით. ჩემი შვილი მე დღესაც არ მინახავს, სად არის და როგორ გაარკვიეთ, რომ ჩემი შვილი იყო არ ვიცი და თუ ეგრე მიაჩნიათ თვითონ, რომ მაინცდამაინც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი… მაგრამ იქნებ მიამსგავსეს, იქნებ ის, მაგრამ ფაქტია, რომ არ ყოფილა. შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი, მოხდა რაღაცა შელაპარაკება და თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

არავისთან თავდასხმა არ გვჭირდება ჩვენ, ჩვენ ვართ მოგებულები, გამარჯვებულები, თვითონ არიან გაღიზიანებული, რომ წაგებული პოზიცია აქვთ”,- ამბობს დაუთაშვილი მთავართან საუბრისას.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სოფელ განთიადში დაჭრეს ნაციონალური მოძრაობის 2 მხარდამჭერი. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები “ოცნების მაჟორიტარობის” კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი და “ქართული ოცნების” აქტივისტი ზურა ოკმელაშვილია.