“ოცნების” დეპუტატი ამტკიცებს, რომ ხმების მხოლოდ 0.17%-ია დაუბალანსებელი

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

მისი თქმით, მათ გამოგონილი შეფასებები აქვთ არჩევნების “ვითომ გაყალბების თაობაზე”.

“ოპოზიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ამასთან, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდა როგორი კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები – არავის საერთაშორისო არენაზე არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. როცა მტკიცებულება არა გაქვს, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე ლაპარაკიც არ შეიძლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე მტკიცებით, დაუბალანსებელი ხმების წილი მხოლოდ 0.17%–ია, ამიტომ არჩევნების გაყალბებაზე არ შეიძლება ვისაუბროთ.

“ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სათქმელია, რომ თითქოს უბნებზე დისბალანსი იყო. ოქმებში დისბალანსი წინა არჩევნების დროსაც იყო და 31 ოქტომბრის არჩევნები ამ თვალსაზრისით გამორჩეული არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო უბანზე მაგალითად 500 ამომრჩეველი მივიდა და საარჩევნო ყუთში იყო 496 ბიულეტენი. ასეთი დისბალანსი უბანზე ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შექმნას, როცა ორი ბიულეტენიდან ერთი შეიძლება ჯიბეში ჩაიდოს, ხოლო მეორე – ყუთში ჩააგდოს. ციფრებში კი, დაუბალანსებელი ხმების საერთო რაოდენობა არის 3 370. ეს არის მთლიანი ხმების 0.17% ანუ თურმე ხმების 0.17%-იანი დისბალანსით შეიძლებოდა არჩევნების გაყალბება“, – ამბობს კახიანი.

რას ეფუძნება ოპოზიციის პროტესტი?

ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 48.23% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლით კი – 45.8%. ISFED–ის ანგარიშით ირკვევა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რასაც, შესაძლოა შედეგზე გავლენა კიდევ 4.1%–ით მოეხდინა. ოპოზიციის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ სწორედ ის რამდენიმე პროცენტი გააყალბა, რომლითაც პირველივე ტურში გადაწყდებოდა, ოპოზიცია დააკომპლექტებდა მთავრობას, თუ ქართული ოცნება.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

მათივე დათვლებით, უბნებზე დაწერეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, შესწორების გარეშეა დარჩენილი 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება.

სამოქალაქო პლატფორმა 2020–ის ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე გაბათილდა 146 192 ბიულეტენი, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობაა.

ევროპული საქართველოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ არჩევნებზე ყუთში 8404 ცარიელი ბიულეტენი ჩააგდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ე.წ. კარუსელს ატრიალებდა.