კევინ სპეისიმ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლო მოიგო

მსახიობმა კევინ სპეისიმ ნიუ–იორკის სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა მოიგო. მას მსახიობი ენტონი რეპი უჩიოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რეპმა ვერ შეძლო მისი ბრალდებების დადასტურება იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის მსახიობი მას სექსუალურად ავიწროებდა. ბრიტანეთში სპეისის კიდევ რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული სექსუალურ შევიწროებაზე და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვას სასამართლო მომავალი წლის ზაფხულში დაიწყებს.

რეპი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება წაუყენა. მან 2017 წლის ზაფხულში  ინტერვიუში ისაუბრა 1986 წელს მომხდარ ამბავზე, როცა ის 14 წლის იყო, 26–27 წლის სპეისიმ კი მასთან სექსი სცადა.

რეპის თქმით, ეს სპეისის სახლში წვეულების შემდეგ მოხდა, როცა ყველა სტუმარი წავიდა.

“ხელი მომხვია. მე თავის დახსნა ვცადე, საწოლზე დამაწვინა და ზევიდან დამაჯდა“–მოყვე რეპმა. მისი თქმით, ამ დროს სპეისი ძალიან მთვრალი იყო.

ამჟამად რეპი 50 წლის არის. მან სასამართლოს 2020 წლის სექტემბერში მიმართა და კომპენსაციის სახით 40 მილიონი დოლარი მოითხოვა.

ხუთშაბათს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სამკვირიანი განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ რეპმა მისი ბრალდებების დამტკიცება ვერ შეძლო. მსაჯულები ვერდიქს საათზე მეტხანს განიხილავდნენ, მისი გამოცხადების შემდეგ კი სპეისი მის ადვოკატებს გადაეხვია და სასამართლოს დარბაზი დატოვა. სასამართლოს შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებიან.

სასამართლოს მსვლელობისას მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა. რეპის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ის ამბობდა, რომ ასეთი შემთხვევა საერთოდ არ ახსენდება, თუმცა მსახიობს ბოდიშს უხდის.

“შეძრწუნებული ვარ ამ ისტორიით. მართალია, არ მახსოვს ეს შემთხვევა, ეს ხომ 30 წლის წინ იყო. მაგრამ თუ ასე ვიქცეოდი, როგორც ის აღწერს, გულწრფელად ვუხდი ბოდის.“– წერდა 2017 წელს სპეისი ტვიტერზე.

სასამართლოზე მან თქვა, რომ შოკირებულია რეპის 5 წლის წინანდელი საჯარო ბრალდებით. “არ ვიცი, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო“–თქვა 63 წლის მსახიობმა და დასძინა, რომ შეუძლებელი იყო ის რეპს მიეზიდა, როგორც პოტენციური სექსუალური პარტნიორი, რადგან ძალიან პატარა იყო.

სპეისის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ რეპის ისტორია გამოგონილია და ამ სასამართლო საქმით მან შეძლო უფრო დიდი ყურადღების მიქცევა, ვიდრე მთელი მისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში.

სექსუალურ შევიწროებაზე მრავალრიცხოვანმა ბრალდებებმა ფაქტიურად უკვე დაანგრია სპეისის წარმატებული სამსახიობო კარიერა.

ამ ბრალდებების შემდეგ, რომლებიც რეპის აღიარებას მოჰყვა, ნეტფლიქსმა სპეისი პოპულარული სერიალიდან, “ბანქოს სახლი“ გაუშვა, ფილმ “მსოფლიოს ყველა ფულში“ კი ის მისი როლი კრისტოფერ პალმერმა მიიღო.

აგვისტოში აშშ–ს სასამართლომ სპეისის 31 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა სერიალ “ბანქოს სახლის“ პროდიუსერებისთვის,  მსახიობის შოუდან გაშვების შემდეგ მთელი სეზონის გადაკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად.