კიევამდე გადაჭიმული 40 კილომეტრიანი კოლონა მესამე დღეა ადგილზე გაიჭედა

რა ვიცით 40 კილომეტრიანი რუსული კოლონის შესახებ, რომელიც კიევამდეა გაჭიმული. რამდენიმე დღის წინ რუსული ტანკების, ჯავშანმანქანების, ბუქსირზე ჩაბმული არტილერიის და სატვირთო მანქანების კოლონამ, რომელიც კიევის მიმართულებით 40 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით დაძრულ კოლონას თითქოს ქალაქის შტურმი უნდა უზრუნველეყო. კიევის მაცხოვრებლებიც ამისთვის ემზადებოდნენ, თუმცა გავიდა რამდენიმე დღე, და კოლონა ადგილზე ჯერ არ ჩასულა.

დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოლონა როგორც ჩანს კიევიდან 30 კილომეტრში გაიჭედა და სამი დღის მანძილზე რამენაირი თვალსაჩინო წინსვლა ვერ მოახერხა.

“დიდი რუსული კოლონის ძირითადი ძალები, რომელიც კიევზე შტურმისთვის ემზადება, ქალაქის ცენტრიდან კვლავ 30 კილომეტრში არიან. ისინი უკრაინელების წინააღმდეგობის, მექანიკური დაზიანებების და ჩახერგილი მონაკვეთების გამო ვეღარ მიდიან წინ.სამი დღის მანძილზე კოლონა პრაქტიკულად ადგილიდან არ განძრეულა“– ნათქვამია ბრიტანეთის თავდავის სამინისტროს განცხადებაში.

პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მართალია კოლონა და რუსეთის კიევისკენ უფრო ფართო წინსვლა ჩიხშია, მაგრამ არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ შესაძლოა ამით რუსეთი ცდილობს ქალაქის მომარაგებისთვის და დახმარებისთვის აუცილებელი ფანჯარა დახუროს და ქალაქი ალყაში აღმოჩნდეს.

აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართალია კოლონა საწვავის და სურსათის უკმარობას განიცდის, აშშ თვლის, რომ რუსები “კვლავ ისწავლიან გაკვეთილს ამ შეცდომიდან და წაბორძიკებიდან, და მათ დაძლევას შეეცდებიან“.

გაჭედილმა კოლონამ რუსეთისთვის ბევრი სტრატეგიული პრობლემა შეიძლება შექმნას.პირველ რიგში, ეს არის რუსეთის საკვანძო ხაზი მომარაგებისთვის, რამაც კიევის შტურმი უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ეს არის ძალიან მსხვილი და მუდმივი სამიზნე უკრაინული ძალებისთვის, რომლებიც შეტევას იგერიებენ.

გარდა ამისა, დღეობით 40 კილომეტრიან საცობში ჯდომა ჯარისკაცების სულისკვეთებაზე და დისციპლინაზე დამანგრევლად მოქმედებს მსხვილი საბრძოლო ოპერაციის წინ.

ფინეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ყოფილი თანაშემწე, მარტი კერი სიენენთან ამბობს, რომ ასეთი რთული მდგომარება მძიმედ აისახება მორალურ მდგომარეობაზე ორი მიზეზის გამო:

“ჯერ ერთი, უკრაინელებს აქვთ უპილოტო აპარატები და თვითმფრინავები, რომლებსაც კოლონაზე დარტმის მიყენება შეუძლიათ. მეორე: როცა ერთ ადგილზე ზიხარ,ჭორების ცირკულაცია იწყება, რომლებიც შენს აზროვნებაზე ახდენს გავლენას. ასე უფრო ნერვიულობ, იღლები, ეს კი ბრძოლის წინ ცუდად მოქმედებს.“

ითვლება, რომ კოლონა უკრაინაში ბელორუსიდან შევიდა, რომელიც პუტინის მთავარი მოკავშირეა. ბოლო კვირების მანძილზე რუსეთმა ბელორუსში დიდი რაოდენობით ჯარი გადაისროლა ე.წ. ერთობლივი წვრთნებისთვის. როცა წვრთნები დასრულდა, ჯარი არსად წასულა. თანამგზავრულმა ფოტოებმა კი აჩვენა, რომ რუსეთმა ბელორუსში ჯარების რაოდენობა გაზარდა.

ოთხშაბათს საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელების გააფთრებულმა ბრძოლამ რუსების საბრძოლო სულისკვეთება გაანადგურა.

“სულ უფრო მეტი ოკუპანტი გარბის უკან, რუსეთში. ჩვენ  ვართ ერი, რომელმაც ერთ კვირაში დაანგია მტრის გეგმები, რომლებიც წლობით ეწყობოდა“– დაწერა მან ფეისბუქზე.

ბოლო შეფასებები კოლონასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსმა სამხედროებმა პირველად გამოაქვეყნეს ინფორმაცია დანაკარგების შესახებ – 498 გარდაცვლილი და 1597 დაჭრილი.

დიდი ბრიტანეთის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ფაქტიურად გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობა ბევრად მეტია და კიდევ უფრო გაიზრდება.“

კრემლის პრეს სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა “ღრმა მწუხარება გამოთხვა რუსი სამხედროების დანაკარგის გამო.“

რუსეთს  ამ ეტაპზე მეტნაკლები წარმატებები აქვს  სამხრეთით, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ხერსონის მერმა დილით განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქი აიღეს. დაძაბული ბრძოლები მიდის მარიუპოლისთვისაც , რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში მდებარეობს და მისი დაკავება მოსკოვისთვის ერთ–ერთი სტრატეგიული ამოცანაა.