კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი 39 წლის კიმ კარდაშიანმა გააკეთა, რომელსაც მისი მამის, რობ კარდაშიანის მხრიდან სომხური ფესვები აქვს. ტელევარსკვლავი სამხედრო მოქმედებების შეჩერების მოწოდებით გამოდის და კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ჩვენ ვლოცულობთ მამაცი კაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ სომხეთის დასაცვად. საინფორმაციო საშუალებების ახალ ამბებს შეცდომაში შევყავართ, რადგან ეს არ არის შეტაკება. სომხეთი აზერბაიჯანის შეტევის და დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლია. აზერბაიჯანი ბლოკავს მედიაში ინფორმაციას, გარდა ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაციისა. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა ეს გამოვიძიოთ და ვთხოვთ მსოფლიო პოლიტიკურ და დიპლომატიურ თანამეგობრობას უსარგებლო ესკალაცია და ტრაგედია აღკვეთოს“– დაწერა კარდაშიანმა ტვიტერში.

კიმმა ასევე გააზიარა ბმული, სადაც შესაძლებელია აშშ–ს ხელისუფლებისთვის წერილის გაგზავნა მოთხოვნით, რომ მათ “აზერბაიჯანის აგრესია დაგმონ და სამხედრო დახმარება შეუწყვიტონ პრეზიდენ  ილხამ ალიევს.“

ტელევარსკვლავი მისი სომხური წარმოშობით ამაყობს. 2015 წელს ის პირველად ესტუმრა სომხეთს. გასულ წელს კი ოთხ შვილთან ერთად ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ჩავიდა. სამი შვილი მან სომხეთში მონათლა.