კიმ კარდაშიანმა განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა

რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე უესტთან განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა. სასამართლოსა და კიმ კარდაშიანის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას ადასტურებენ. წყვილი უკვე 7 წელია დაქორწინებულია და 4 შვილს ზრდის.

ეს ამბავი საიტ TMZ–ზე გამოჩნდა, რომელიც ცნობილი ადამიანების შესახებ ახალ ამბებს აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები ოჯახში არსებული სირთულეების შესახებ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით 40 წლის კარდაშიანმა შვილებზე ერთობლივი იურიდიული და ფიზიური მეურვეობა მოითხოვა.

ლოს ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კარდაშიანმა განქორწინების შესახებ დოკუმენტები წარადგინა.

“მან  იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს მის მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს. ეს მისთვის შავბნელი დღეა„– განუცხადა ჟურნალ People–ს 43 წლის რეპერის მეგობარმა.

წყვილი მსოფლიო შოუ ბიზნესში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. ორივემ მოახერხა დიდი წარმატებისთვის მიეღწია.

კარდაშიანი 2007 წელს გახდა ცნობილი მისი ოჯახის შესახებ სატელევიზიო რეალითი შოუს წყალობით. გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ შოუ “კარდაშიანების ოჯახი“ იხურება. 21–ე სეზონის პრემიერა ამ წლის დასაწყისში შედგება.

კარდაშიანმა წარმატებას მიაღწია ბიზნესშიც – მას აქვს კოსმეტიკისა და მობილური აპლიკაციების ბიზნესი. ჟურნალმა ფორბსმა მისი ქონება 780 მილიონ დოლარად შეაფასა.

კანიე უესტი უკვე 15 წელია ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეპერად ითვლება მსოფლიოში. გრემის პრემიის ლაურეატმა მოდელის კარიერაშიც მიაღწია წარმატებას.

წყვილი იტალიაში 2014 წლის მაისში დაქორწინდა. ქორწილზე მათი კოცნის ფოტო იმ დროისთვის ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული პოსტი გახდა.

იანვარში მედია წერდა, რომ კარდაშიანმა და უესტმა განქორწინება გადაწყვიტეს და საკითხის იურიდიულ მოგვარებაზე მუშაობდნენ.

მედიის ვერსიით ოჯახში უთანხმოება გასული წლის ივლისში გამწვავდა, როცა უესტმა გადაწყვიტა აშშ–ს პრეზიდენტად იყაროს კენჭი.