კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის“ კალაძეს მოუწოდებს არ გამოიყენოს პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად

თბილისის მერის ინიციატივას, “ფეიკ ნიუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რაც ჯერჯერობით სამი არასახელისუფლო არხისთვის ბრძოლის გამოცხადებად იქცა, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებით პასუხობს. კოალიციის წევრები მოუწოდებენ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს და თბილისის მერს, არ გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად:
“კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.
მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.
განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.
თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები.“–ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.