კობახიძე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს უნდობლობას უცხადებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, რომელმაც გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა, უნდობლობას უცხადებს.

მისი თქმით, ისინი მიკერძოებულები არიან.

“თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით, ეს ერთი და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკვეთება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს”, – თქვა ირაკლი კობახიძე. 

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში შევიდა. მათი დასკვნა დღეს გამოქვეყნდება.