კობახიძის განცხადებამ გაგვაერთიანა, პარლამენტში არ შევალთ – რაქვიაშვილი

“გირჩის” მე–4 ნომრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ულტიმატუმებმა გააერთიანა.

მისი თქმით, ოპოზიცია განცხადებას დაწერს და პარლამენტში არ შევა.

“კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ. “ქართული ოცნება” როდესაც დაინახავს, რომ მარტოა პარლამენტის დარბაზში, შეიძლება ახალი მუხტი მისცეს”,– თქვა რაქვიაშვილმა შეხვედრის დამთავრების შემდეგ.

მისივე განცხადებით, სხვა პარტიებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა გირჩი პარლამენტში არ იქნება.

“კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე არასდროს წინააღმდეგი არ ვარ მოლაპარაკებების, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ დროის ხარჯვაა – მივიდეთ და სადმე დავსხდეთ ამასაც აზრი არ აქვს. მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “გირჩი” პარლამენტში არ იქნება. მე რთულად წარმომიდგენია, როდესაც ერთი მხარე გემუქრება, ულტიმატუმს გიყენებს ჩვენ არა, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუქმებით ემუქრება, მე მგონი, ასეთ მოლაპარეკებებს აზრი ეკარგება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფინანსებას და პრივილეგიებს ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დააინიცირებენ კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს, ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.