კობახიძის მტკიცებით, “ფეიკნიუსია”, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, “ფეიკნიუსია”, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

“ეს კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევაა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც გვხდება ხოლმე ასეთი ტიპის ფეიკნიუსები და წყარო ვინ არის ახლა, თავადაც კარგად მოგეხსენებათ”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში UNISCO-ს ანგარიშზე, რომელმაც ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

მისივე განცხადებით, 5 ივლისის მსგავსი ძალადობა ჟურნალისტებზე 30 წლის განმავლობაში არ მომხდარა

“ძალიან მტკივნეული დღეა [5 ივლისი], ბუნებრივია ჩვენთვის, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. ხელისუფლების მხრიდან ეს მომხდარა, 7 ნოემბერი და მსგავსი ფაქტები, მაგრამ ის, რომ ხალხის მასას გამოევლინა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ასეთი რამ არ მომხდარა”,– ამბობს კობახიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერაცილებას”.

“არავინ ელოდა იმ დროს და იმ ადგილას ძალადობას. აქედან გამომდინარე, ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმას, რომ თავიდან ვერ იქნა აცილებული ეს ძალადობა”,– თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.