კოვაქსის მიღმა დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000, მილიონი დოზა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს დაჯავშნული აქვს 100, 150, 500 ათასი და მილიონი დოზა ვაქცინა. მიუხედავად ამისა, ის ვერ ასახელებს თარიღს, როდის შემოვა ის ქვეყანაში.

“ჩვენ მწარმოებლებს ვესაუბრებოდით და დღესაც ვესაუბრებით. სწორედ ეს არის გარანტი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კოვაქსის მიღმა, სადაც ჩვენ დაჯავშნილი გვაქ ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის დოზები, ამის მიღმა ჩვენ დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ წინ წასული მოლაპარაკებებია ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს აკრედიტირებული და აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ასევე ისეთ ვაქცინებზე, რომლებსაც დღესდღეობით მხოლოდ FDA-ს აკრედიტაცია აქვს. ამ პლატფორმებზე ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და შემდეგ შემახსენოთ ეს დოზირებები. 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და მილიონი დოზა ჩვენი მოსახლეობისთვის”,– ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2–ის ეთერში.

მისივე განცხადებით, მოსახლეობას არალიცენზირებადი ვაქცინით არ აცრიან.

“ნამდვილად ვზრუნავთ იმაზე, რომ არ შემოვიტანოთ ქვეყანაში ნებისმიერი, არალიცენზირებული ვაქცინა და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველო იქნება ის ქვეყანა და ის რგოლი, რომელიც იღებს ამ პასუხისმგებლობას, ჩვენს მოსახლეობას არ აცრის რამე ნებისმიერი ვაქცინით, არამედ აცრის აკრედიტირებული, ხარისხიანი ვაქცინით”,– აღნიშნა მინისტრმა.