კომენდანტის საათი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – არასამთავრობო ორგანიზაციები

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება  კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ისინი მთავრობას გადაადგილების შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ.

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით[1] მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ.

მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.

მართალია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი მოუწოდებენ მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის “მოტივით” ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  3. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  4. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia)
  5. თანასწორობის მოძრაობა
  6. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
  7. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)