კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – თეგეტა მოტორსი

თეგეტა მოტორსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომპანიის ინფორმაციით, ინფიცირებულების კონტაქტები იზოლაციაში არიან გადასულები.

“ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნული თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა. იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ისინი გადაყვანილია იზოლაციაში. ამავდროულად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი”,- წერია კომპანიის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, თეგეტა მოტორსი ჯანდაცვის რეკომენდაციებს სრულად იცავს.

“თეგეტა მოტორსი ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სრულად იცავს საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები”, – აცხადებს თეგეტა მოტორსი.

დღეს საღამოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, რომლების ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.